Georgisch


JÜRGEN JANKOFSKY

იურგენ ანკოვსკი

 

ანა ჰუდი

 

 

ერთი

 

ეს უსამართლობაა“, შეჰყვირა ანამ, „ასე ერთდროულად, ასე ერთდროულად!“

ტელევიზორში აჩვენებდნენ, როგორ ამოდიოდა ზღვიდან გაწუწული კაცი. მას მკლავებზე ბავშვი ესვენა, მკვდარი ბავშვი. ფრთხილად, თითქმის სათუთად, დაასვენა მან ის ნაპირზე, მუხლი მოიყარა და თვალები ზეცისკენ აღაპყრო. მათ საცურაო კოსტუმიანი ტურისტები, მათ შორის ბავშვებიც, უახლოვდებოდნენ და აშტერდებოდნენ. არა, არა, ეს ფილმი არ იყო, საინფორმაციო გადაცემა იყო, ნამდვილს და ეს-ესაა მომხდარს გადმოსცემდნენ.

ანამ თვალებზე ხელები აიფარა, თავი გააქნია. ნანახი მაინც თვალწინ ედგა. ზღვაში კი სხვა ლტოლვილები ბორგავდნენ. ჰორიზონტზე კიდევ ერთი ნავი იძირებოდა.

რა თქმა უნდა, ასეთი სურათები ადრეც უნახავს, მაგრამ დღეს ერთბაშად მიხვდა, რომ უკვე მეტისმეტი იყო, უკვე მოთმინების ფიალა ავსებოდა.

დიქტორი აცხადებდა, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ლტოლვილებს დაეხმაროთ, თუ სურვილი გექნებათო.

ანა საბავშვო ოთახში გაიქცა და თავისი ყულაბა გამოიტანა. ბებიამ და პაპამ სწორედ გუშინ ჩააცურეს მასში უხვად ფული, ანას რომ არდადეგებზე დაესვენა. „ბედნიერი მგზავრობა! სასიამოვნო დასვენება!“. მისთვის უკვე წარმოუდგენლი იყო, დედ-მამასთან ერთად პალმების ქვეშ წოლილიყო და ის მომხდარიყო, რასაც ტელევიზორში უჩვენებდნენ... არა! არავითარ შემთხვევაში!

ყულაბა თავზემოთ შემართა, მერე ძირს დაანარცხა და ბახ! – იატაკზე ნამსხვრევებად მიმოიფანტა. ყველა მიმართულებით გაგორდნენ მონეტები.

რა მოხდა?“, სამზარეულოდან დამფრთხალმა დედამ მოირბინა, „რას აკეთებ?“

უნდა ვუშველო“, უთხრა ანამ და ტელევიზორზე მიუთითა. „დამეხმარები?“

ჰო, მაგრამ...“

ერთდროულად“, თქვა ანამ, „ერთდროულად ხდება, რომ ერთნი მზეზე ირუჯებიან, სხვები კი კვდებიან ეს უნდა დამთავრდეს, ამას ბოლო უნდა მოეღოს!“

 

 

ორი

 

რობინმა საღეჭი რეზინის ავტომატს გაშლილი ხელისგული თხლიშა.

ჯანდაბა!“ შეუკურთხა, „რამდენჯერ უნდა გადაყლაპოს?! რატომ არ გამოდის?!“

ანა თვალს ადევნებდა, როგორ იქექებოდა განრისხებული რობინი თავისი შარვლის ჯიბეებში. ის იყო, კიდევ ერთი მონეტა უნდა ჩაეგდო ავტომატში, რომ ანამ შესძახა: „მოიცა!“

ანას უკვე გამოეკითხა თავისი კლასელები, მათაც თუ სურდათ რამე ეღონათ ჩვენს პლანეტაზე მეტი სამართლიანობის მისაღწევად, გაჭირვების, ტანჯვის, მწუხარების აღსაკვეთად. მაგრამ ყველა თავს იმართლებდა: ზოგს საფულე დარჩენოდა შინ, ზოგს დრო არ ჰქონდა, სასწრაფოდ უნდა ესწავლა გაკვეთილი, სხვებს ჯერ მშობლებისთვის უნდა ეკითხათ, ზოგიც ჰპირდებოდა, ხვალისთვის რამეს ვიღონებო, ალბათო.

რობინი ცნობისმოყვარედ ათვალიერებდა დაზოლილ საღეჭ რეზინს, ანამ თავისი სასკოლო ჩანთიდან რომ ამოაძვრინა. შეფუთვა ცოტა შელახულიყო, მაგრამ მაინც საღეჭი რეზინი ერქვა. რობინი მოთმინებით ისმენდა, რასაც ანა უყვებოდა ტელევიზორში ნანახ აუტანელ კადრებზე და ამ ყველაფერზე. და ბოლოს თავისი მონეტა დათმო.

 

 

სამი

 

ანას არც იმ ფულის შეწირვა დავიწყებია, რთულ მათემატიკურ დავალებაში მიღებული უმაღლესი ნიშნისთვის მამისგან რომ მიიღო საჩუქრად. ფული სთხოვა ბიძებს და დეიდებს, დეიდაშვილ-ბიძაშვილებს, მეზობლებს, მასწავლებლებს და უცხო ადამიანებსაც კი, ქუჩაში შემთხვევით რომ გადაეყრებოდნენ ხოლმე.

მაგრამ ეს კადრები, ეს საშინელი სცენები მაინც არ ქრებოდა საინფორმაციო გადაცემებიდან. ქრებოდა კი არა, ყოველდღიურად მრავლდებოდა, კადრები და სცენები კიდევ უფრო შემაძრწუნებელი ხდებოდა: მეტი და მეტი ამოყირავებული ნავი, მეტი და მეტი გარდაცვლილი, მეტი და მეტი ცნობისმოყვარე.

 

 

ოთხი

 

რობინმა ანას ჰკითხა, იცოდა თუ არა მან, რომ რობინს სახელგანთქმული, მსოფლიოში სახელგანთქმული, სეხნია ჰყავდა:

ყოველთვის მწვანედ მოსილი, მშვილდიდან ისრის უბადლო მტყორცნელი, გმირი, მამაცი და ჭკვიანი, რომელიც მდიდრებს ფულს ართმევდა და ღარიბებს აძლევდა...

რობინ ჰუდი?“

სწორია“, დაუდასტურა რობინმა.

 

 

ხუთი

 

ანა ფიქრებში იყო ჩაფლული.

შენ იმას გულისხმობ“, ჰკითხა ბოლოს, „რომ თუ დღევანდელი მდიდრები ღარიბებისთვის იმდენ ფულს გაიღებენ, რომ მათ, სულ მცირე, საჭმელ-სასმელი ჰქონდეთ, ისწავლონ და სამუშაო მონახონ, მშვიდობით იცხოვრებენ და არსადაც აღარ გაიქცევიან?“

არ ვიცი“, უთხრა რობინმა.

ღარიბები თავ-თავიანთ სამშობლოს აღარ მიატოვებენ, რათა საშიში ზღვები, უდაბნოები და მთები გადალახონ და მავთულხლართებით დაცულ მდიდარ ქვეყნებამდე მიაღწიონ?”

არ ვიცი“, უთხრა რობინმა.

სად შეიძლება მშვილდიდან ისრის სროლა ვისწავლო?”, ჰკითხა ანამ.

არ ვიცი“, უთხრა რობინმა.

 

 

ექვსი

 

რობინი ხედავდა, ანა გარეგნულად დღითი-დღე როგორ იცვლებოდა: ჯერ იყო და თმაში ლურჯლენტჩამაგრებული გამოეცხადა; მეორედ რომ ნახა, ანას ფრჩხილებიც მწვანედ შეეღება; მესამედ უკვე მწვანე პულოვერი ეცვა; მერე მწვანე ბოლოკაბა და მწვანე ფეხსაცმელი ემოსა; ბოლოს კი ტუჩებიც და წამწამებიც მწვანედ შეეღება, მწვანე საათი გაეკეთებინა, მწვანე ხელჩანთით და მწვანე სამაჯურით, ასეთივე ფერის ყელსაბამით და საყურეებით დამშვენებულიყო.

რაც უფრო მწვანედ იმოსებოდა, მით მეტად გულჩათხრობილი ჩანდა, თავის ფიქრებში ჩაძირული, აღარ იცინოდა, ქუჩაში გამვლელებს ერიდებოდა, რობინსაც აღარ ელაპარაკებოდა.

შეიძლებოდა, რობინის მწვანე კეპიც კი ვერ შეენიშნა, რომ არა მასწავლებელთა გამუდმებული მითითებები, გაკვეთილზე მაინც ნუ გახურავსო.

გიხდება მწვანე ფერი!”, უთხრა ანამ.

შენც გიხდება”, უთხრა რობინმა.

ორივემ შუბლი შეჭმუხნა.

რობინ ჰუდი ყოველთვის მხიარული იყო”, თქვა რობინმა, “გულღია და მეგობრული”.

შენ საიდან იცი?”

ცოტ-ცოტა წამიკითხავს წიგნებში, ინტერნეტში”.

კარგი”, თქვა ანამ, “კიდევ რა იცი მასზე?”

რობინ ჰუდი მარტო ვერაფერს მიაღწევდა, სულ ვერაფერს! თავისი ერთგული ძმების, თავისი რაზმის გარეშე ვერც ოქროს მიაგნებდა, ვერც სამართლიანობაზე იზრუნებდა, ვერაფერსაც ვერ გახდებოდა!“.

ჰმ“, ჩაფიქრდა ანა, „შენ გულისხმობ, რომ...?”

ლოგიკურია!”, თქვა რობინმა.

ძალიანაც კარგი”, თქვა ანამ და რობინს მწვანე ბეჭედი გაუწოდა, “თუ ასეა, კეთილი იყოს შენი ფეხი ანა ჰუდის ლაშქარში!”

 

 

შვიდი

 

როცა ანამ ინტერნეტში თავადაც გაიკაფა გზა, აღმოაჩინა, რომ რობინ ჰუდი და მისი რაზმელები კანონგარეშედ ყოფილან გამოცხადებული. ისიც გაიგო, რომ კანონგარეშედ გამოცხადებულთა კანონი მდიდართათვის სიმდიდრის წართმევა და ღარიბთათვის მისი მიცემა ყოფილა.

მერე აღმოაჩინა, რომ რობინ ჰუდი მდიდრებს, ძირითადად, მათი ოქროს, ფულის თუ სამკაულის მხოლოდ ნახევარს ართმევდა, რათა ისინი, ღმერთმა დაიფაროს, თავადაც არ გაღარიბებულიყვნენ.

ბოლოს ისიც წაიკითხა, რომ ინგლისში საუკუნეების წინ რობინ ჰუდის თამაშები არსებობდა, რომლის დროსაც მღეროდნენ, ცეკვავდნენ, ლექსებს კითხულობდნენ, ჟონგლიორობდნენ, მუშაითობდნენ, ჯადოქრობდნენ, ბოლოს კი მდიდრები მდიდრულად ასაჩუქრებდნენ ღარიბებს. რობინ ჰუდის თამაშები, თურმე, რობინ ჰუდის დღეს, პირველ მაისს, იმართებოდა.

 

 

რვა

 

შესანიშნავია”, შესძახა რობინმა, “დღეს ხომ პირველი მაისია, წავედით!”

ჰო, მაგრამ სად მივდივართ?”

იქ, სადაც ყოველთვის მდიდრები იყრიან თავს, სადაც ფულია, ბანკში!”

მას უკვე ანასთვის ჩაევლო ხელში ხელი და ქალაქის შუაგულისკენ მიქროდნენ.

ბანკის წინ კი, აი, რა ხდებოდა: შესასვლელის ერთ მხარეს წითელალმებიანი და წითელტრანსპარანტიანი მოხუცი კაცები და მოხუცი ქალები იდგნენ და გამაყრუებლად ასტვენდნენ წითელ სასტვენებს. მეორე მხარეს კი შავალმებიანი და შავტრანსპარანტებიანი, არც თუ მთლად ახალგაზრდა, კაცები და ქალები იდგნენ და ცდილობდნენ, მოხუცების სტვენა ყვირილით გადაეფარათ. შუაში პოლიცია ჩამდგარიყო. როცა ორივე მხარე სულის მოსათქმელად და ჰაერის ჩასასუნთქად გაჩუმდა, საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე ხანდაზმულმა კაცმა ლაპარაკი დაიწყო ფულის ძალაუფლებაზე, რომელიც უნდა დაემარცხებინათ მსოფლიოს ყველა ქვეყნის მუშებს, მშრომელებს. ორატორი ნაწყვეტ-ნაწყვეტ კითხულობდა წინასწარ მომზადებულ ტექსტს, ანამ და რობინმა კი, დიდი მონდომების მიუხედავად, მისი ნალაპარაკევიდან ვერაფერი გაიგეს.

ხოლო როცა იმის გარკვევა მოინდომეს, გაგრძელდებოდა თუ არა ღონისძიება სიმღერით, ცეკვით, მუშაითობით, ლექსების კითხვით და ჟონგლიორობით, უხეში და დამცინავი პასუხები მიიღეს:

აქ ცეკვა-სიმღერისთვის არავის სცხელა!”

აქ პირველ მაისს ვზეიმობთ, ეს მშრომელთა ბრძოლის დღეა!”

გასაგებია?”

 

 

ცხრა

 

ყურადღება, ბავშვებო! წერდა ანა ინტერნეტში, ვინ არის უსამართლობის წინააღმდეგ? ვინ არის კანონგარეშეთა კანონის მომხრე? ჩვენ შევქმენით ანა ჰუდის ლაშქარი! შემოგვიერთდებით? შეგვეხმიანეთ!

 

 

ათი

 

ანას დიდხანს არ მოუწია ლოდინი. მსოფლიოს ყველა კუთხიდან ეხმიანებოდნენ.

ჯერ ოტო გამოეხმაურა: გიერთდები!

მერე ახმედი, ამო, სოვანი და აკირა.

მარიას იმის გაგება სურდა, შეიძლებოდა თუ არა სხვა ენაზე ანას უწყების თარგმნა.

რა თქმა უნდა!

სვეტლანას იმის გაგება სურდა, შეიძლებოდა თუ არა, სხვა ბავშვებში გაევრცელებინა ეს უწყება.

რა თქმა უნდა!

ინდირას იმის გაგება სურდა, უკვე თარგმნილი უწყების სხვა ენებზე თარგმნა და გავრცელება თუ შეიძლებოდა.

რა თქმა უნდა! რა თქმა უნდა! რა თქმა უნდა!

თოვლის გუნდის პრინციპით: ანას შეუერთდნენ გიზო და ზლატკო, ჰაილე, ბაღაშრი, მანონი და თიისი, ანიეტა, ეილული და სარა, ხოსე, ჯონი, გიორგი და ჯოვანი, ლინგი, რუი, ჩინგიზი, მალაიკა, ვაინიო, ქსაბი, იაალა, ჰრაფნილდური, ბინტანგი, ოდისევსი და ვალუიო, ნაირა, მოვანი, ერნესტო და იანკო, ჟანეტა და ჟასმინი, კარამბა, პატრიკი, რეტო, ნანუქი, ნგუნოუე, სვენი, ზაქარია, ნარუმოლი, ჰოა, გაბიჯა, რადუ, ტენძინი და სოო-ჯუნგი.

მობრძანდით!

 

 

თერთმეტი

 

თუ წაიკითხე”, ჰკითხა რობინმა, “რა იდეები აქვთ ჩვენი ლაშქრის ახალ წევრებს? როგორ უნდა ვიმოქმედოთ?”

რა თქმა უნდა”, თქვა ანამ, “ვნახოთ, რა გამოგვივა!”

წამოაყენეს წინადადება, რომ ბავშვები, რომლებიც სკოლაში უსაგზლოდ მიდიოდნენ, სადილად მდიდრებს უნდა დაეპატიჟებინათ და მენიუც სრული უნდა ყოფილიყო: სალათი, მთავარი კერძი, დესერტი. დაუყოვნებლივ!

ან: ბავშვები გაფიცვას არ შეწყვეტდნენ, ვიდრე მთელ მსოფლიოში არ დაწესდებოდა მდიდართა გადასახადი, დიახ, რათა ყველა ბავშვს შეძლებოდა საშინაო დავალებების შესრულება და სკოლაში სიარული იმის ნაცვლად, რომ სწავლისთვის განკუთვნილი დრო მუშაობისთვის შეელია. დიახაც!

ან: რათა ყველა ადამიანს ფული იმისთვის მიეღო, რომ ის ადამიანია, ახალგაზრდა თუ მოხუცი, ქალი თუ კაცი, გამხდარი თუ მსუქანი, ყვითელი თუ რუხი, თეთრი თუ შავი, ღარიბი თუ მდიდარი; მდიდრებს ყველა ქვეყანაში ყოველთვიურად გადაეხადათ იმდენი ფული, რომ არავის ეშიმშილა და არავინ დასუსტებულიყო, ყველას შეძლებოდა ბინის ქირის გადახდა, სკოლაში სიარული და მერე მუშაობა, რათა თავისი პატიოსანი შრომით აესრულებინა თავისი სურვილები, დიახ, ყველა სურვილი, რაც კი გააჩნდა, აესრულებინა იქ, სადაც მისი სახლია, მისი სამშობლოა, მისი მშობლიური გარემოა. დედამიწაზე ხომ სიმდიდრე ყველასთვის საკმარისად არის, ყველგან, ხომ ასეა?

 

 

თორმეტი

 

გთხოვ, რაც შეიძლება თავაზიანად!”

რობინი დირიჟორობდა ანას, რომელიც, მთელი თავისი მწვანე აღკაზმულობით, ბანკის დიდი შენობის წინ მიმოდიოდა.

კიდევ ერთი ნაბიჯით წინ. კარგია, ახლა შუაში, ასე, კარგია, ძალიან კარგი!”

მერე რობინმა ანას თავისი მწვანე კეპი მოარგო თავზე და ჩხაკ! ჩხაკ! უღებდა და უღებდა ფოტოსურათებს.

ყველაზე წარმატებული ფოტოსურათი კი ინტერნეტში გაავრცელა: საუკეთესო სურვილებით ანა ჰუდისგან!

როცა ანა შინ დაბრუნდა, ამ მოკითხვას შემდეგი მინაწერიც დაურთო: მალე პირველი ივნისია ბავშვთა დღე. ჩვენს დღეს დაუყოვნებლივ უნდა ეწოდოს რობინ ჰუდის დღე! ჩვენ მწვანედ შევიმოსებით მწვანე ფერის სამოსს, რაღაცას მაინც, ხომ ნებისმიერი ჩვენგანი მოიძიებს: მწვანე წინდას, მწვანე ლენტს, თუნდაც მწვანე ფანქარს ან მწვანე მარაოს ან, უბრალოდ, მწვანე ბალახს და რობინ ჰუდის დღეს მწვანედ გამოწყობილები გავეშურებით იქით, სადაც ფული გვეგულება: ბანკებისკენ ან მდიდართა სახლებისკენ, ისე, როგორც ჰელოუინის დროს მიგვესვლება ყველგან! მაგრამ რამე ტკბილს ან მწარეს კი არა, მოწყალებას კი არა, სულაც არა, ჩვენ სამართლიანობას მოვითხოვთ! დიახ, ყველასთვის! და ვინც დავგცინებს ან გამოგვაძევებს, იმას ფოტოსურათს გადავუღებთ და ინტერნეტში გამოვაჭენებთ და მომდევნო რობინ ჰუდის დღეს უფრო მეტი მწვანე ბავშვი მოითხოვს სამართლიანობას, მომდევნო წელს კიდევ უფრო მეტი, იმის მომდევნო წელს მეტი და მეტი! თოვლის გუნდის ეფექტით!

ანამ რობინს ჰკითხა, შენც ხომ არ გსურს რამის დაწერაო.

ლოგიკურია!“

და რობინმა დაწერა: არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენც გავიზრდებით და მერე მსოფლიო ჩვენ უნდა ვმართოთ!

მოწოდებას დაუყოვნებლივ გამოეხმაურნენ ბავშვები მსოფლიოს ყველა კუთხიდან: დიახ, დიახ, დიახ, გიერთდებით!

ყველა რაღაცას აზუსტებდა და რაღაცის გაგება სურდა: მაგალითად, მწვანე სათვალე თუ იყო ნებადართული, პლაკატების დახატვა ან თუნდაც ფილმის გადაღება თუ შეიძლებოდა.

დიახ, დიახ, დიახ!

პირველ ივნისს კი, რობინ ჰუდის დღეს, ანას ისღა დარჩენოდა, დაეწერა:

დავიწყოთ!

 

Übersetzung: Dato Barbakadse / თარგმანი. დათო ბარბაქაძე